„გოსფილმოფონდიდან“ ახლახან დაბრუნებული ერთ-ერთი ფილმის ჩვენება ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება
„გოსფილმოფონდიდან“ ახლახან დაბრუნებული ერთ-ერთი ფილმის ჩვენება ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება

ეროვნული არქივის კინოთეატრში მიხეილ კალატოზიშვილისა და ნუცა ღოღობერიძის 1928 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი.

ფილმის საწყისი მასალები რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ საქართველოში ახლახან ჩამოიტანეს. 16 წუთიანი ფილმი, რომელიც უნიკალურ დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა, მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარია. იგი ასევე წარმოადგენს პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის დებიუტს კინოში. ფილმი „მათი სამეფოს“ სახელით არის ცნობილი, თუმცა „გოსფილმოფონდში“ ინახებოდა განსხვავებული სახელწოდებით – „ფურცელი ბიოგრაფიიდან“, ამიტომ ფილმი ხელახალი კვლევის საგანი იქნება.

ჩვენება 21 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

ქართული კინომემკვიდრეობის საწყისი მასალების ჩამოტანის, მათი ციფრულ ფორმატში გადატანისა და რესტავრაციის პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფილმსაცავიდან ჩამოსატანი ქართული ფილმების რაოდენობა 2020 წლისთვის გასამმაგდება, რისთვისაც შესაბამისი რესურსი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გამოიყოფა. გამომდინარე აქედან, რომ გასული საუკუნის 20–იან წლებში შექმნილი ქართული ფილმების ორიგინალები, რომელიც დღემდე რუსეთის ფილმსაცავში ინახება, დროის ფაქტორის გამო სავალალო მდგომარეობაშია, სამინისტროსა და კინოცენტრის ერთობლივი გადაწყვეტილებით პირველი რიგის ამოცანა და 2020 წლის პრიორიტეტი სწორედ საუკუნოვანი ისტორიის მქონე მემკვიდრეობის გადარჩენა და მასზე ფართო საზოგადოების ხელმისაწვდომობაა.