გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ერთი თბილისში გადმოჰყავთ
გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ერთი თბილისში, „ჯერარსის“ კლინიკაში გადმოჰყავთ. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
გორში, კლინიკა „გორმედთან“ იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსით, რომელიც ავარიაში მოყვა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ჩამოსული მოქალაქეები თბილისიდან სამეგრელოში ბრუნდებოდნენ.
გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. დაიღუპა ხუთი და დაშავდა 11 ადამიანი. როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკა „გორმედში“ განუცხადეს, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ.