გორში, სპორტის სასახლის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას მიხეილ გიორგაძე გაეცნო
გორში, სპორტის სასახლის სარემონტო სამუშაოებს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მშენებელი კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრის“ პრეზიდენტი პოლ კანინგემი გაეცნენ. დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, პატარა – 500.
სპორტის სასახლეების მიმდებარედ დასასვენებელი სკვერების მოწყობაც იგეგმება. სპორტის სასახლის მშენებლობა გორის პარალელურად თელავსა და ბათუმშიც მიმდინარეობს. სამივე პროექტის საერთო ღირებულება 34 მილიონი დოლარია.
მაღალტექნოლოგიური ენერგოეფექტური თანამედროვე სპორტული ობიექტები კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრის“ მიერ შენდება, რომელიც წარმოადგენს ფართომალიანი ნაგებობების უმსხვილეს მწარმოებელს კანადაში. კომპანია აღიარებული ლიდერია ასაწყობი ფოლადის შენობების დამზადების სფეროში გლობალური მასშტაბით და მას დიდი გამოცდილება გააჩნია.
ბეჰლენსა და საქართველოს მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, პროექტი დაფინანსდა ბეჰლენის მიერ, რომელმაც პროექტისთვის საჭირო გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი თავად უზრუნველყო.
პარალელურად, თბილისსა და ქუთაისში საფეხბურთო და სარაგბო ათი მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაა 10 700 000 ლარი. საერთო ჯამში, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მშენებარე სპორტულ ობიექტზე დასაქმებულია 1 000-მდე ადამიანი.