გორში, მეჯვრისხევი-ახალუბნის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მეჯვრისხევი-ახალუბნის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შიდა ქართლის გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორკილომეტრიანი გზის მოასფალტება, სანიაღვრე სისტემის მოწყობა, საფეხმავლო ბილიკების განთავსება და საგზაო ნიშნების დამონტაჟება.
სამუშაოებზე მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების – მეჯვრისხევისა და ახალუბნის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და მისმა მოადგილემ სიმონ გულედანმა ადგილზე დაათვალიერეს.
„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რეგიონში სრული დატვირთვით მიმდინარეობს, ამჟამად დავათვალიერეთ მეჯვრისხევი-ახალუბნის მონაკვეთი, რომლის დასრულებაც მიმდინარე წელს იგეგმება და მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას. ამასთან ერთად, სოფელ მეჯვრისხევში იგეგმება სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებიც. ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს“, – აღნიშნა რწმუნებულმა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე 11 სოფელში სასმელი წყლის ქსელისა და ახალი რეზერვუარის მოწყობა იგეგმება.