„დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“ – უცვლელი სლოგანით გორში კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყო.
წელს კომედიის ფესტივალი 5 ივნისს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, მოზარდ მაყურებელთა, რუსთავის, ქუთაისის, გორის, რუმინეთის, მოძრაობის თეატრის, ილიაუნის, დმანისის, ჭიათურის თეატრის დასები მიიღებენ. ფესტივალი საზეიმოდ ქალაქ გორის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე მსვლელობით და საკონცერტო პროგრამით დაიწყო.
ფესტივალს გორის ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრში მარჯანიშვილის თეატრი სპექტაკლით – „მეფე მოკვდა“ გახსნა.
ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „ბლექ ბოქსია“, რომელიც თეატრის კრიტიკოსებს საშუალებას აძლევს საფესტივალო სპექტაკლი ნახონ და შეაფასონ წერილობითი სახით. წლევანდელ ფესტივალს გასული წლის მსგავსად ხუთი თეატრმცოდნისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს, ჟიურის წევრები სპექტაკლებზე კრიტიკულ წერილს მოამზადებენ.
თეატრალური ფესტივალი 2014 წელს ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის იმდროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად დააარსა. დაარსებიდან ამ დრომდე გორის ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა დასმა მიიღო. უკვე რამდენიმე წელია, კომედიის ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა და გორში სტუმრობა სხვადასხვა ქვეყნის დასებმაც შეძლეს. გასულ წელს კი საქართველოს კომედიის ფესტივალი, საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. სულ მსოფლიოში რამდენიმე კომედიის ფესტივალია, მათ შორის, უკვე თამამად იკავებს ადგილს საქართველოს კომედიის თეატრალური ფესტივალიც. ფესტივალი იმართება გორის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით და საქართველოს, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.