გორში კიდევ ერთი აგრარული ბაზარი განაახლებს მუშაობას
გორში კიდევ ერთი აგრარული ბაზარი განაახლებს მუშაობას

წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე აგრარული ბაზრის შემდეგ, გორში ხვალიდან მუშაობას კიდევ ერთი აგრარული ბაზარი განაახლებს. სავაჭრო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინეს. ბაზრის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რათა დაცული ყოფილიყო ყველა ის მოთხოვნა, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა.

გორში, მეორე აგრარული ბაზარი („გეორგია 21-ე“), 5 მაისს უნდა გახსნილიყო, თუმცა შემოწმების დროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს სველი წერტილების მდგომარეობა არ მოეწონათ და ბაზარს გახსნის უფლება არ მისცეს. ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, მომხმარებელთა ნაკადის დაცვა უზრუნველყოს, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნა შესაბამისი ნიშნების მითითებით. ასევე, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია უნდა განხორციელდეს ინტენსიურად.

27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს მუშაობის განახლების უფლება მიეცათ. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.