გორში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირი: 1969 წელს დაბადებული მ.ნ. და 1996 წელს დაბადებული ტ.ნ დააკავეს.
უწყების ცნობით, მ.ნ.-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ხოლო ტ.ნ. დაკავებულია ძალადობის ბრალდებით.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ.-მ მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, გორში, ფინანსური დავის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს -1972 წელს დაბადებული რ.გ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ნ.-სა და რ.გ.-ს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ბრალდებული მ.ნ.-ის შვილი – ტ.ნ. და დაჭრილი მამაკაცის შვილი – 2001 წელს დაბადებული ს.გ., რომელსაც ტ.ნ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციამ მ.ნ. და ტ.ნ მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.