გორში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გორში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ქალაქ გორში გაიმართა.

საკუთარ გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ჩართულობისა და როლის გაზრდის მნიშვნელობას, რაც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნურად დაშორებულ საზოგადოებას შორის შერიგების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას, ასევე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც ახლებურ ხედვებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირების მნიშვნელობა. აღნიშნულ კონტექსტში, თეა ახვლედიანმა მიმოიხილა ერგნეთში გამართული შეხვედრების ფარგლებში მიღწეული ძირითადი შედეგები.

გამართული დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, ჰუმანიტარული გამოწვევები და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები.

შეხვედრის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა. ღონისძიების გახსნითი ნაწილის შემდგომ, მოხსენება გააკეთეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, რომლის დროსაც ისაუბრეს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიმდინარეობასა და დღის წესრიგის შესაბამისად განხილულ საკითხებზე.

ღონისძიება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN-WOMEN) მხარდაჭერით დაიგეგმა და მასში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, ქალთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე კონფლიქტით დაზარალებულმა, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა და დევნილმა ქალებმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.