გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სახელმწიფო დროშა იუნკერებმა აღმართეს
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
სახელმწიფო დროშა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით, იუნკერებმა აღმართეს.
ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და საპარლამენტო მდივანი ესწრებოდნენ.
ცერემონიის მონაწილეებსა და იუნკერებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს რამდენიმე რეგიონში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას თავად საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.
სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო.
სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა, სასახლიდან საპატიო ყარაულმა გამოაბრძანა. საქართველოს პრეზიდენტმა დროშა საქართველოს ეროვნული გმირების, გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა.