გორში, ბუნებრივ აირზე დარიცხულ გადასახადზე მოსახლეობასთან შეხვედრა მიმდინარეობს
გორში ბუნებრივ აირზე დარიცხულ გადასახადთან დაკავშირებით გაზგამანაწილებელი კომპანიის მიმართ არსებულ ბრალდებებს ენერგოომბუდსმენი და სემეკის წარმომადგენლები მოისმენენ.
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ მოსახლეობასთან შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრას ენერგოომბუდსმენი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომპანიისა და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები ესწრებიან.
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი გაზგამანაწილებელი კომპანიის მხრიდან ტექნიკურ გადაცდომას არ გამორიცხავს.
„აქ საუბარია იმაზე, რომ მომხმარებლები არ ეთანხმებიან დეკემბრის თვეში დარიცხულ თანხას და ამას არაგონივრულად მიიჩნევენ. ჩვენ დეტალურად შევისწავლით საკითხს, ყველა მომხმარებლის ისტორიას დეტალურად შევისწავლით, ვნახავთ ქვითრებს, ასევე მოვისმენთ კომპანიის ახსნა-განმარტებას, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ მიგვიღია. შესაძლებელია, კომპანიის მხრიდან იყოს კონკრეტული გადაცდომები, შესაძლებელია მრიცხველის დაზიანებას ჰქონდეს ადგილი არა მოხმარებლის მიზეზით. არ არის გამორიცხული, სათვალის აღების დროს იყოს შეცდომა. ჩვენ მოვუსმენთ თითოეულ აბონენტს და ყველა საკითხი იქნება შესწავლილი ინდივიდუალურად“, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.
შეხვედრის დაწყების წინ კომენტარი არ გაუკეთებია „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებს. სემეკის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ საკითხს დეტალურად შეისწავლიან.
ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივი აირზე დარიცხულ გადასახადს აპროტესტებს და კომპანია “საქგორგაზს” საფასურის ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებს. „სოკარ ჯორჯია გაზის“ გორის სერვისცენტრში აბონენტთა ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.