გორში აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნა.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინიციატივით, გორში აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნა.
სტენსილი აგვისტოს ომის 11 წლის თარიღს ეძღვნება, რომლის იდეასა და შესრულებაზე გიორგი გაგოშიძემ იმუშავა. კედელი, რომელსაც ნატყვიარევი 11 წლის შემდეგაც ეტყობა, რუსეთ – საქართველოს ომის თემატიკითა და სიმბოლოებით არის დატვირთული, რომელიც მნახველს კიდევ ერთხელ შეახსენებს რუსულ ოკუპაციას.
თბილისის შემდეგ ეს უკვე მეორე სტენსილია, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინიციატივით შეიქმნა.
„ორი თაობის წარმომადგენელი დავხატე მავთულხლართებთან, რადგან ოკუპაცია ყველა თაობის პრობლემაა. პატარა გოგონას მაკრატელი უჭირავს ხელში, რაც ერთგვარი იმედია, რომ ახალი თაობა შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს აგვისტოს ომი და მისი შედეგები, ის ადამიანები რომლებიც შეეწირნენ მას და რომლებიც ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ დღესაც“, – განაცხადა გიორგი გაგოშიძემ.