გორში აგრარული ბაზარი ხვალიდან მუშაობას განაახლებს
გორში აგრარული ბაზარი ხვალიდან მუშაობას განაახლებს

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე აგრარული ბაზარი ხვალიდან მუშაობას განაახლებს. სავაჭრო დაწესებულებაში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები გაითვალისწინეს და ბაზრის გახსნისთვის ემზადებიან.

აგრარული ბაზარი შიდა ქართლის რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ისინი ბაზარში არსებულ ვითარებას გაეცნენ.

ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, „კოვიდ 19“-ით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნა შესაბამისი ნიშნებით.

ასევე, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია უნდა განხორციელდეს ინტენსიურად. ბაზრის ფუნქციონირების განახლების შემდეგ, ტერიტორიაზე მყიდველები პირბადისა და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან. დადგენილი წესების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს მუშაობის განახლების უფლება მიეცათ. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.