გორში 78 პირი, რომლებსაც ინფიცირებულ ექიმებთან ჰქონდათ შეხება, თვითიზოლაციაში იმყოფება
შიდა ქართლის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ გორის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.
ბოლო სამი დღის განმავლობაში კორონავირუსი გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმ-ჰემატოლოგსა და მედდას დაუდასტურდათ. მათი ინფიცირების წყარო უცნობია. ორივე მათგანს კორონავირუსი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე დღეში გამოუვლინდა.
დაავადებათა კონტროლის რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 78 პირი იმყოფება თვითიზოლაციის რეჟიმში. მათგან 19 მედდას კონტაქტია, ასევე ოჯახის 10 წევრი და ცხრა მასთან კონტაქტში მყოფი პირი.
დღეს ეპიდემიოლოგებმა ინფიცირებული პირების კონტაქტებიდან 60 ნიმუში აიღეს. შიდა ქართლის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ეკა ქორჩაშვილი აცხადებს, რომ ეპიდკვლევის დასრულების შემდეგ შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს.
ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღის მეორე ნახევარში გაიგზავნება.
შიდა ქართლში კორონავირუსის სულ 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.