გორის სოფელ არაშენდაში ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში ადგილობრივები 23 ჰექტარი მიწის ფართობის გასხვისებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ. მოსახლეობის თქმით, მიწას სოფელი საძოვრად იყენებდა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ერთ-ერთ ადგილობრივ ფერმერს, რომელიც ამავე სოფლიდან არის, ფართობის იჯარით აღება სურს.
ამასთან, ადგილობრივი გიორგი ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ტერიტორია, რომლის იჯარით აღება უნდა, არაშენდა არ ეკუთვნის და ის სოფელ ახალდაბის მიწაა. მისი თქმით, ამ ადგილზე ნუშის ბაღის გაშენებას აპირებს.
სოფლის მოსახლეობა სახელმწიფოს სთხოვს, არ გასცეს იჯარით მიწა, რომელსაც ისინი საძოვრად იყენებენ. მოსახლეობამ ამ მოთხოვნით ხელმოწერებიც შეაგროვა. არაშენდას მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვს. ადგილობრივბი აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიაზე მიწის დამუშავების უფლებას არავის მისცემენ.
აქციის მონაწილეებს საკრებულოს წარმომადგენელი მერაბ მელანაშვილი შეხვდა. მისი განცხადებით, ქონების ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა გორის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, ახალდაბისა და არაშენდას 50 ჰექტარი მიწის ფართობზე. მისი თქმით, არაშენდას 23 ჰექტრის მიწის ფართობზე მოსახლეობის წერილობითი უარის შემდეგ პროცესი დაიბლოკა, ახალდაბას 24 ჰექტარი მიწის ფართობის გასხვისებაზე კი, სოფლის მოსახლეობამ თანხმობა განაცხადა. მელანაშვილის განცხადებით, სოფელ არაშენდას მოსახლეობა აცხადებს, რომ ეს მიწაც მათი სოფლის საძოვარია და ის არაკანონიერად მიეკუთვნა სოფელ ახალდაბას.