გორის შესასვლელებში კონტროლს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ახორციელებენ
გორის შესასვლელებსა და საკონტროლო პუნქტებზე საყოველთაო კარანტინის ფარგლებში არსებულ კონტროლს შინაგან სსაქმეთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ახორციელებენ.
საგუშაგოზე მოწყობილ საველე კარავში საჭიროების შემთხვევაში მგზავრებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. როგორც შსს შიდა ქართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კობა ცერცვაძე აცხადებს, ცენტრალური და შემოვლითი გზების კონტროლი 24 საათის განმავლობაში ხორციელდება.
„ხდება სრული კონტროლი გორის შემოსასვლელების, ასევე შემოვლითი გზების. გზების ეფექტური კონტროლი ხორციელდება 24 საათის განმავლობაში. იქ, სადაც არ არის პოსტი, არიან ჩვენი საპატრულო ჯგუფები. მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები, სადაც ხდება მოქალაქეთა პირველადი შემოწმება თერმოსკრინინგის მეშვეობით. 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი, რაც გულისხმობს, რომ 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ნებისმიერ პირს, როგორც ქვეითად ისე ავტომობილით, ეკრძალებათ გადაადგილება, გარდა სპეციალურად მოქმედი საშვებით გადაადგილებისა. საგანგებო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ ჯარიმას და განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დადგენილი წესის შესაბამისად“, – განაცხადა შსს შიდა ქართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კობა ცერცვაძემ.