გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „ ქალაქ გორის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან / და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი“ დაადგინა. დადგენილების თანახმად ქალაქის ტერიტორიაზე მეთვალყურეობის გარეშე მყოფ პირუტყვს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე გადაიყვანენ. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე 30 კალენდარული დღის ვადაში დაკისრებულ ჯარიმას და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯებს არ გადაიხდის, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით.
ჯარიმის გადახდამდე, პირუტყვის მფლობელს მესაკუთრეობის დამტკიცებაც მოუწევს.
„სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ მისი საკუთრების უფლება დადასტურდება (სამი მოქალაქის მიერ ხელმოწერით დადასტურებული და სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი)”.
სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) გადაყვანა სპეციალურ ადგილზე – 30 ლარი. ბ) დღიური მოვლა-პატრონობა – 10 ლარი მსხვილფეხა პირუტყვზე, 5 ლარი წვრილფეხა პირუტყვზე“ ,-აღნიშნულია გორის საკრებულოს დადგენილებაში.
პირუტყვის მოვლა-პატრონობაზე და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. სწორედ ის არის ვალდებული, 30 კალენდარული დღის ვადაში მესაკუთრეს აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი, თუ პირუტყვი დაიღუპება.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება საკანონდებლო მაცნეში დღეს, 21 მაისს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.