დღეს დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებიდან სამი გორის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შიდა ქართლის განყოფილების ხელმძღვანელ ეკატერინე ქორჩაშვილის ინფორმაციით, სამივე მათგანი არასრულწლოვანია.
კოვიდინფიცირებული პაციენტები 6, 11 და 14 წლის მოზარდები არიან.
ქორჩაშვილის განცხადებით, დღეს დილით დადასტურებული სამივე შემთხვევა კოვიდინფიცირებული ქალის კონტაქტებია. 11 და 14 წლის ბავშვები ინფიცირებული ქალის შვილები არიან, ექვსი წლის მოზარდი კი მათი ოჯახის ახლობელია.
ქორჩაშვილის განცხადებით, არასრულწლოვნები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ეპიდემიოლოგები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ტირძნისსა და ქიწნისში ეპიდემიოლოგიურ კვლევასა და კონტაქტების მოძიებას განაგრძობენ.