გორის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავი-ატენის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება
გორის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავი-ატენის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება, – ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, უკვე მიმდინარეობს ატენში, სიონის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოები შიდა ქართლის რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა და რწმუნებულის მოადგილემ, სიმონ გულედანმა დაათვალიერეს.
„პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აღემატება. პროექტი მოიცავს არსებული გზების რეაბილიტაციას, საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკის და პარკირების მოწყობას. ასევე, პროექტში გათვალისწინებულია ხუთ წერტილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოს განთავსება.
გარდა ტურისტული ინფრასტრუქტურისა, რამდენიმე დღეში ხიდისთავი-ატენის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყება, რაც საგრძნობლად გაამარტივებს როგორც ადგილობრივების, ისე ტურისტების გადაადგილებას. პროექტს საგზაო დეპარტამენტი განახორციელებს და 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება“,- აღნიშნულია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.