გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების – შინდისის, ფხვენისისა და ნიქოზის მოსახლეობას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, პარლამენტის წევრები შეხვდნენ.
შეხვედრაში დეპუტატები მიხეილ ყაველაშვილი, ენძელა მაჭავარიანი და კობა კობალაძე მონაწილეობდნენ. ასევე, შეხვედრას გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროექტებს შეეხო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც გორის მუნიციპალიტეტში იგეგმება. ასევე, ხაზი გაესვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობას.
ადგილობრივებმა შეხვედრაზე მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები მნიშვნელოვანია სამომავლოდ პროექტების დაგეგმვის პროცესში, რადგან უშუალოდ, მოსახლეობის მხრიდან იღებენ ინფორმაციას კონკრეტული საჭიროებების შესახებ.