გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დაასრულა.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის, „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდა 32 294 გრძივი მეტრი გაზსადენი; 1250 ადგილობრივ მოსახლეს მიეცა შესაძლებლობა, ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
გაზიფიცირების ღირებულებამ 997 438 ლარი შეადგინა.
„შიდა ქართლში სამწლიანი გეგმის ფარგლებში გაზიფიცირდება 7 სოფელი. აშენდება 39 848 გრძივი მეტრი გაზსადენი და 820-მდე აბონენტს საშუალება მიეცემა, ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს“, – ნათქვამია საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციაში.