გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 14 სახლი აშენდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 14 სახლი აშენდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 14 სახლი აშენდა. ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 80 კვადრატულამდე მეტრი ფართობის სახლები დევნილ ოჯახებს სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში უახლოეს მომავალში გადაეცემათ.

„სამშენებლო სამუშაოები გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში განხორციელდა.

ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია წყლის სისტემის მონტაჟი, რომელსაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი. იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.

სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. სააგენტო ახალაშენებულ სახლებს კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.