გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 23 დეპუტატმა და ახალ ბიუჯეტს 20-მა დაუჭირა მხარი.
წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას არ დასწრებიან საკრებულოს წევრი დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“. მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. რაც შეეხება გახარიას გუნდის წევრებს, ისინი დარბაზში დარჩნენ, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ახალი ბიუჯეტი 53 მილიონი ლარით განისაზღვრა. 2022 წლის ბიუჯეტზე გორის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულომ იმსჯელა, დღეს კი დოკუმენტი ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებმა დაამტკიცეს. ფინანსური დოკუმენტი დღეს საკრებულოზე გორის მუნიციპალიტეტის მერს არ წარუდგენია. ლადო ხინჩეგაშვილი სხდომას არ ესწრებოდა, რამაც ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია. ამასთან, საკრებულოს წევრები ოპოზიციური პარტიებიდან არ ემხრობიან მერიასა და საკრებულოში თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდას.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 36 წევრია. უმრავლესობა მმართველ გუნდს აქვს, 9 წევრი კი არის „ნაციონალური მოძრაობიდან“, სამი – პარტიიდან „საქართველოსთვის“.