გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა
გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
საკრებულოს სხდომა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მმართველი გუნდის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.
კამათი „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე ზაქრო მებადურსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის ზვიად გამსახურდიას სახელის ხსენებას მოჰყვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს, თუ რატომ არ დაერქვა „ლომჭაბუკის“ სკვერს ზვიად გამსახურდიას სახელი.
სიტყვიერი კამათი ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა, რის შემდეგაც ზაქრო მებადურმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გორის მუნიციპალიტეტის მერიას ბიუჯეტის არასწორ დაგეგმვაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ არასაკმარისადაა გათვალისწინებული სოციალური პროექტები.
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ბრალდებებს უსაფუძვლოდს უწოდებს და აცხადებს, რომ ბიუჯეტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.
მერი, ასევე, ამბობს, რომ სკვერისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის დარქმევა შეუძლებელია, რადგან აღნიშნული სკვერი ერთიან კომპლექსში შედის, რომელსაც „გამარჯვების“ ჰქვია.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკრებულომ დღეს 2020 წლის ბიუჯეტი, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.