გორის მერია - ქუჩები, სადაც ხელოვნური სავაჭრო ნაგებობები იყო განთავსებული, ხალხმრავლობით გამოირჩეოდა, ირღვეოდა კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები
გორის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია მერიის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეების შექმნილი ხელოვნური ნაგებობებისა და კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს.
აღნიშნულ ფაქტს გარემოვაჭრეებისგან პროტესტი მოჰყვა. მათი თქმით, კუთვნილი დახლები დღეს დილით უკვე აღებული დახვდათ. გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ მათთვის ქუჩაში ვაჭრობა არავის აუკრძალია და დახლების უკან დაბრუნებას მოითხოვენ.
გორის მერიაში აცხადებენ, რომ დაწესებული სანქციების შესახებ მერიის თანამშრომლებისა და სამართალდამცავების მიერ, არა ერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრეები ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩებზე მაინც აგრძელებდნენ აკრძალულ საქმიანობას.
„აღნიშნული ობიექტები გარდა იმისა, რომ აუშნოვებდნენ ქალაქის იერსახეს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეების ჯანმრთელობას. ქუჩები, სადაც ხელოვნური სავაჭრო ნაგებობები იყო განთავსებული, დღის განმავლობაში ხალხმრავლობით გამოირჩეოდა და ინტენსიურად ირღვეოდა ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები. გორის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს ყველას დაემორჩილონ კანონს, შეწყვიტონ უკანონო საქმიანობა და მოშალონ თვითნებურად მოწყობილი სავაჭრო ნაგებობა. გარევაჭრობა გორში 2018 წლის 8 მაისიდან აკრძალულია“, – აცხადებენ გორის მერიაში.