გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე შსს ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების დროული რეაგირების შედეგად გორის საფეხბურთო სტადიონზე მომხდარი დაპირისპირება განმუხტულია და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
„საფეხბურთო კლუბების გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელებს შორის მოედანზე დაპირისპირება დაიწყო, კონფლიქტში ჩაერთვნენ გულშემატკივრებიც.
სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ორივე გუნდის მხარდამჭერებმა დაამტვრიეს და დააზიანეს სტადიონის სკამები.
სამართალდამცველების დახმარებით ორივე გუნდის მოთამაშეებმა სტადიონი უსაფრთხოდ დატოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.