ალვინ ფორტესი კაპე-ვერდეს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ინფორმაციას გორის “დილას” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
24 წლის შემტევი ნახევარმცველი ჰოლანდიაში, როტერდამში დაიბადა და “ნაიკის” აკადემიის გაზრდილია, მაგრამ მისი მშობლები კაპე-ვერდედან არიან და ისტორიული სამშობლოს ნაკრებში თამაშს ამიტომ დათანხმდა. თუმცა, აქამდე ამ აფრიკული ქვეყნის ეროვნულ გუნდში შეხვედრაც არ ჩაუტარებია, რადგან ჰოლანდიური პასპორტი აქვს და თანხმობა მხოლოდ შარშან გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ 540 ათასი მოსახლეობის მქონე კაპე-ვერდე ფიფა-ს ბოლო რეიტინგში 58-ე ადგილზეა, როდესაც საქართველო მხოლოდ 95-ეა. ალვინ ფორტესი ეროვნულ ლიგაში ის იშვიათი ლეგიონერია, რომელიც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
24 წლის ფორტესი თამაშობდა ცნობილ ჰოლანდიურ კლუბებში – “ვალვაიკში“, “ვიტესში”, “ოსში“, ასევე თურქულ “ბოლუსპორში“, ბერძნულ “ვერიასა” და ჩეხურ “ზბროევკაში“, “დილაში” კი 2018 წლიდან ჩაირიცხა და გორელთა ფორმით ჩატარებულ 10 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.
ალვინ ფორტესი ორი ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად გამოიძახეს: 1 ივნისს კაპე-ვერდე ალჟირს ესტუმრება, ხოლო 3 ივნისს სახლში ანდორას მიიღებს, რომელიც ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების ჯგუფში მოხვდა.