„გორის დღის“ ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს
„გორის დღის“ ღონისძიებების ფარგლებში, ტრადიციულად ქალაქის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს. ღონისძიებას გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა.
საპატიო გორელი წელს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 15 ადამიანი გახდა: მშენებელი ვახტანგ ყანჩაველი, პედაგოგები სესილი ხუციშვილი და ცირა ჯაჯანიძე, ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი თინათინ სოსანიძე, მწერალი ვაჟა შაქარაშვილი, სპორტსმენი თენგიზ ხუბულური, გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, კულტურის განყოფილების ხემძღვანელი რობერტ მაღლაკელიძე, სპორტის ოსტატი და მწერალი გერონტი გოგინაშვილი, კულტურის მოღვაწე დავით ქიტიაშვილი, ექიმი გურამ მაჩაიძე, სპორტის დამსახურებული ოსტატი სევერიან ქარელი, ვეტერან ფეხბურთელი ჯემალ რაზმაძე, ძეგლთმცოდნე პაატა ბესტავაშვილი და შინდისელი ელქტრიკოსი, ბადრი ხუციშვილი, რომელიც აგვისტოს ომის დროს მხარში დაუდგა შინდისის გმირებს.
საპატიო მოქალაქეები მეუფე ანდრიამ, მეუფე ისაიამ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
დაჯილდოების ცერემონიალი კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც გორის ქალთა კამერული გუნდი, გორის გოგონათა გუნდი და ანსამბლი „გორი“ მონაწილეობდნენ.