ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა გორის აგრარულ ბაზარში „ლელოს“ წარმომადგენლების შეხვედრებს.
რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, აგრარულ ბაზარში მისულ ლელოს წარმომადგენლებს მოსახლეობის ნაწილი დაუპირისპირდა. ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა.
„ჩვენ აქ ვართ, რადგან საერთო სახალხო მოძრაობამ მოითხოვა თანხმობა, მაგრამ არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც კვლავ ამბობს, რომ გახლეჩვა გვინდა თითქოს. მე ვფიქრობ, ეს არის გახლეჩვის პოლიტიკა, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ თანხმობა, ადამიანების გაერთიანება“, – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
ამასთან, როგორც გორის მკვიდრმა, გელა მამუკაშვილმა აღნიშნა, ამ ადამიანებს უნდათ არეულობა.
„ეწევიან არეულობის ინსპირაციას, ეწევიან საქართველოსთვის სახელის გატეხვას მიზანმიმართულად და უნდათ პოლარიზაცია, უნდათ საქართველოს საბოლოოდ დასუსტება და რუსეთის ხახაში ჩაგდება“,- განაცხადა გელა მამუკაშვილმა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ერთ-ერთი პირი, რომელმაც „ლელოს“ წარმომადგენლებს მწვანილი ესროლა, სამართალდამცველებმა ადგილიდან განარიდეს.