საკარმიდამო ნაკვეთების დაკანონების მოთხოვნით, გონიოში მოსახლეობამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საკითხის საბოლოოდ მოგვარების პირობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მიიღეს. მათი თქმით, მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მათ ერთი კვირის წინ უნდა შეხვედროდა, თუმცა დღემდე პასუხი არ მიუღიათ.
„მინისტრმა გვითხრა, რომ შეგვხვდებოდა და საბოლოოდ გადაწყვეტდა ჩვენს საკითხს. საერთოდ არავინ შეგვხვდა. აღარ მჯერა, თუ ოდესმე მოაგვარებენ ამ პრობლემას. წლებია, უშედეგოდ ვითხოვ საკარმიდამო ნაკვეთის დარეგისტრირებას. საჭიროა მხოლოდ ის, რომ სამინისტრომ გააუქმოს მიწებზე ზედდება და დოკუმენტაცია გადაიგზავნოს რეესტრში. მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ, უკვე აღიარა ჩვენი საკუთრება“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აქციაზე ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა კაკაბაძე მივიდა. მან მოსახლეობას საკითხის მოგვარების გარანტიები მისცა.
„სამშაბათისთვის მინისტრი შეგხვდებათ და ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება. ამის გარანტიას მე გაძლევთ. თქვენ წინა ხელისუფლებამ ეს მიწები დაგიკანონათ, მერე წაგართვათ და „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა თქვენი საკუთრება. ისევ ჩვენ მოგიგვარებთ ამ საკითხს“, – განაცხადა მამუკა კაკაბაძემ.
აღნიშნული გარანტიების მიცემის შემდეგ, აქცია დაიშალა, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ისევ გამოვა ქუჩაში.
გონიოში მოსახლეობის ნაწილი წლებია, იმ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას ითხოვს, რომლებსაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ფლობდა. ნაწილმა მოახერხა ნაკვეთების დარეგისტრირება სტრასბურგში მოგებული სასამართლოს შემდეგ.