შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, კახაბერ საბანაძემ და ლევან კაკავამ, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ გომში პოლიციის ახალი შენობა გახსნეს.
შსს-ს ინფორმაციით, მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილიც დაესწრო.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გომში, პოლიციის შენობის არ არსებობის გამო, პოლიციელებს მორიგეობა ავტომობილებში უწევდათ, რაც მათ მდგომარეობას გაუსაძლისს ხდიდა. პოლიციის ახალი შენობა 15 თანამშრომელზეა გათვლილი. მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე, შენობის დათვალიერების შემდეგ, ამავე განყოფილების თანამშრომლებს გაესაუბრა და სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეფორმების ფარგლებში, მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, მათ შორისაა ბინათმშენებლობა და ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის შექმნა. უკვე ფუნქციონირებს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი – საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი, ასევე, დასრულებულია ბათუმში – საერთაშორისო სტანდარტების საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა, ხონის პოლიციის შენობა, პოლიციის ახალი შენობა თბილისში – გოგოლის ქუჩაზე, პოლიციის ახალი შენობა ბოლნისში, სრულად გარემონტებულია დროებითი მოთავსების რამდენიმე იზოლატორი და სხვა.
შსს-ს ცნობით, მხოლოდ 2018 წელს, შიდა ქართლის რეგიონს, სწორედ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, 28 ავტომანქანა, მათ შორის 20 მაღალი გამავლობის, რთულ რელიეფურ პირობებზე მორგებული ავტომობილი და 223 სამხრე კამერა გადაეცა.