გომისმთაზე ნაპოვნი სამი პირი და ასევე, ერთი მაშველი ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“ არიან გადაყვანილი
გომისმთაზე ნაპოვნი სამი ახალგაზრდა ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“ არიან გადაყვანილი. ასევე, კლინიკაშია გადაყვანილი ერთი მაშველიც, რომელიც ახალგაზრდების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობდა. ექიმების შეფასებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„კლინიკაში შემოყვანილ პირებს ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა კლინიკა „მედალფას“ ხელმძღვანელმა, დავით მდინარაძემ.
მაშველებმა სამი დაკარგული ახალგაზრდა ათსაათიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ იპოვეს, მათ აღენიშნებოდათ ჰიპოთერმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა ასევე იპოვეს ერთი გარდაცვლილიც.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მიმდინარე წლის 12 მარტს, დილის საათებში, შემოვიდა შეტყობინება, რომ გომისმთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი გადაადგილებას ვერ ახერხებდა. ათკაციანი მაშველების ჯგუფი დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე. მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამაშველო ოპერაცია გართულდა, თუმცა მოქალაქეების მოძიება რამდენიმესაათიანი ინტენსიური ღონისძიებების შედეგად მოხერხდა“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.