ათსაათიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვეს, მათ აღენიშნებათ ჰიპოთერმია. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მაშველების მიერ მიმდინარეობს მათი გადაყვანა ავტომობილებამდე, რათა დროულად მოხდეს მათთვის სამედიცინო დახმარების მიღება.
„მაშველების მიერ ნაპოვნია გომის მთაზე გარდაცვლილი მოქალაქეც.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მიმდინარე წლის 12 მარტს, დილის საათებში, შემოვიდა შეტყობინება, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.
ათკაციანი მაშველების ჯგუფი დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე. მეტეოროლოგიური პირობების გამო სამაშველო ოპერაცია გართულდა, თუმცა მოქალაქეების მოძიება რამდენიმესაათიანი ინტენსიური ღონისძიებების შედეგად მოხერხდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.