გომბორის უღელტეხილზე გარკვეული კატეგორიის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.
როგორც საქართველოს პირველ არხს გომბორის გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის, შპს „გზამშენის“ დირექტორმა ტარიელ ლაჩაშვილმა განუცხადა, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„მთელი ღამის განმავლობაში თოვდა და ტემპერატურაც მკვეთრად დაეცა. ჩვენი სამსახური მთელი ღამის განმავლობაში გზის საშიშ მონაკვეთებს ინტენსიურად წმენდდა. ასევე იყრება ტექნიკური მარილი, გადასულები ვართ 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე, გზაზე გადაადგილების პრობლემა არ აქვს ზამთრის საბურავიან ავტომანქანებს“, – განაცხადა ტარიელ ლაჩაშვილმა.
შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის დაშვებულია მხოლოდ ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის კი, გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ ზამთრის საბურავებით. აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ და მძღოლებს გზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ადგილზე აწვდიან ინფორმაციას.