გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებისთვის ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის მადლობას უხდის
გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის მადლობას უხდის.
„იმ დროს, როდესაც ირანი ისრაელის განადგურებისთვის ცდილობენ გამოიყენონ სირია, როგორც პლატაფორმა, პრეზიდენტი ტრამპი გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტს აღიარებს“ , – წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.
დონალდ ტრამპმა გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადება „ტვიტრრში“ რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. „52 წლის შემდეგ დროა, აშშ-მა სრულად აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე, რომელიც სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ისრაელის სახელმწიფოსა და რეგიონალური სტაბილურობისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, ისიც რომ უფრო ადრე, 2017 წელს აშშ-მა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა, რის შემდეგაც თელ-ავივიდან ამერიკის საელჩომ იერუსალიმში გადაინაცვლა. აშშ-ის ეს ნაბიჯი პალესტინამ დაგმო.
გოლანის მაღლობი სირიის დედაქალაქიდან 60 კილომეტრში მდებარეობს და დაახლოებით 1200 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ისრაელმა მისი უდიდესი ნაწილის ანექსირება სირიისგან 1967 წელს ახლო აღმოსავლეთის ომის პერიოდში შეძლო, შემდეგ კი 1973 წელს მოიგერია სირიის მცდელობა უკან დაებრუნებინა აღნიშნული ტერიტორია. მოგვიანებით, მხარეები 70 კმ სიგრძის დემილიტარიზებული ზონის შექმნას დათანხმდნენ, რომელსაც პატრულირებას გაეროს სადამკვირვებლო ძალები უწევენ.
1981 წელს ისრაელის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც გოლანის მაღლობზე ისრაელის იურისდიქციას ავრცელებს. თუმცა, ამ ნაბიჯს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარება არ მოჰყოლია.
დღეისთვის გოლანის მაღლობზე ისრაელის 30-მდე დასახლება არსებობს, სადაც 20 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.