საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება
საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
თოდრაძის ინფორმაციით, აღწერის პროცესი ორ ეტაპად ჩატარდება.
„პირველი ეტაპი: 14-23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება მოსახლეობის თვითრეგისტრაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეები თავად, საქსტატის პერსონალის დახმარების გარეშე, შეავსებენ აღწერის კითხვარებს წინასწარ მომზადებულ ვებპლატფორმაზე. მეორე ეტაპი: 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით კი საქსტატის მიერ მომზადებული 11 000-მდე საველე პერსონალი სპეციალური კითხვარების მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით კარდაკარ გამოკითხავენ მოსახლეობას. ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო მესტიის, ლენტეხის, ყაზბეგის, დუშეთის (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის, მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში), ახმეტის (ომალოს ადმინისტრაციულ ერთეულში) და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის აღწერა ჩატარდება 2024 წლის სექტემბერში. დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერასთან ერთად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც.
სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. კერძოდ, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტების, ტერიტორიული ერთეულების და სოფლების დონეზე. მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ბიუჯეტია 29.2 მილიონი ლარი“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
როგორც გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, საქართველოს ყველა მოქალაქე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია, გაიაროს აღწერა.
მისივე ინფორმაციით, აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში, საბოლოო კი 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.
„აღწერის ჩატარების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს 2023 წლის 31 მაისის საქართველოს კანონი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“, საქსტატის დებულება და სხვა ნორმატიული-სამართლებრივი აქტები. კანონი განსაზღვრავს აღწერის თარიღის დადგენის, მისი მომზადების, ჩატარების, მოპოვებული მასალების დამუშავების, შედეგების გამოქვეყნებისა და გავრცელების წესს, ადგენს აღწერის განხორციელების ძირითად დებულებებსა და მეთოდებს, აღწერაში მოქალაქეთა მონაწილეობას, აღწერის შედეგად მიღებული ინდივიდუალური მონაცემების კონფიდენციალობის დაცვის სახელმწიფო გარანტიებს. საქართველოს ყველა მოქალაქე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია, გაიაროს აღწერა. აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო – 2026 წლის ივნისში“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.