გოგიტა თოდრაძე - მოსახლეობის აღწერიდან პირველი ათი დღის განმავლობაში ჩვენს ვებგვერდზე თვითრეგისტრაციის მეთოდით შევაგროვებთ მონაცემებს, ვინც ამას არ გააკეთებს, მათ სტატისტიკოსები მიაკითხავენ
პირველი ათი დღის განმავლობაში თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით ჩავატარებთ მოსახლეობის აღწერას, შევაგროვებთ მონაცემებს, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თავად ვინც ვერ დარეგისტრირდება, ასეთ ოჯახებს სტატისტიკოსები მიაკითხავენ.
ამასთან, როგორც თოდრაძემ აღნიშნა, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება.
„2023 წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებზე. ეს ითვალისწინებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების ინდენტიფიცირებას და მათში ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის სიითი შემადგენლობის განსაზღვრას. 2024 წლის განმავლობაში ჩვენ განვაგრძობთ მოსამზადებელ სამუშაოებს მოსახლეობის აღწერის მიმართულებით. აღწერის ქოლგის ქვეშ იგეგმება სოფლის მეურნეობის აღწერის ჩატარება. აღწერა ჩატარდება 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ და ვმსჯელობთ იმ მიმართულებით, რომ ცუდი ამინდების გამო მაღალმთიან რეგიონებში შეიძლება ადრე მოგვიწიოს აღწერის ჩატარება, როგორც წინა აღწერების დროს არსებული პრაქტიკა იყო. ჩვენ ვგეგმავთ, აღწერა ჩავატაროთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და უარი ვთქვათ ქაღალდის კითხვარის გამოყენებაზე. პირველი ათი დღის განმავლობაში ჩვენ თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით ჩავატარებთ აღწერას და მონაცემები შეგროვდება ამ მეთოდის გამოყენებით, ანუ თითოეულ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, შევიდეს ჩვენს ვებგვერდზე და დაარეგისტრიროს კითხვარით გათვალისწინებული ინფორმაცია და ვინც ამას არ გააკეთებს, შემდეგ იმ კატეგორიის მოსახლეობას მიაკითხავს ჩვენი სტატისტიკოსები და აღმწერები, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით შეაგროვებენ მონაცემებს“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.