გოგიტა თოდრაძე - ნებისმიერ მაჩვენებელს, ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაქვეყნებთ, აქვს გარკვეული საფუძველი, ეს ციფრები ჰაერიდან არ მოდის
ნებისმიერ მაჩვენებელს, ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაქვეყნებთ, აქვს გარკვეული საფუძველი, ეს ციფრები ჰაერიდან არ მოდის, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
კითხვაზე, რას უპასუხებდა საქსტატი მათ, ვისაც ეჭვი აქვთ, რომ უწყება ხელოვნურ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, გოგიტა თოდრაძემ უპასუხა: „იმ ადამიანებს, ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც აქვს გარკვეული ეჭვის საფუძველი, ჩვენ შეგვიძლია, ვუპასუხოთ ჩვენ მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიით და მაჩვენებელთა ცვალებადობის მიზეზებით“.
„სწორედ იმიტომ ვაკეთებთ განმარტებებს მაჩვენებელთა ცვალებადობასთან დაკავშირებით, იქნება ეს ზრდის თუ კლების მიმართულება, რომ მომხმარებელს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რამ გამოიწვია აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა თუ შემცირება. ნებისმიერ მაჩვენებელს, ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაქვეყნებთ და ვასაჯაროებთ საზოგადოებაში, აქვს გარკვეული საფუძველი, ეს ციფრები ჰაერიდან არ მოდის. ამ ციფრების უკან დგას რამდენიმე ასეული სტატისტიკოსის მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ათი ათასობით შინამეურნეობას და ათი ათასობით ეკონომიკურ სუბიექტს ვიკვლევთ.
სწორედ იმ მიდგომებს რაც შეეხება და მეთოდოლოგიას, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ აღნიშნული მაჩვენებლის დასაანგარიშებლად, საფუძვლად უდევს საერთაშორისო სტანდარტები და კიდევ ერთი მთავარი, ჩვენ ხშირად გვიწევს იმის მტკიცება, რომ ვეფუძნებით საერთაშორისო მიდგომებს და საერთაშორისო მეთოდოლოგიებს, მაგრამ იმის შეფასებას, თუ რამდენად სწორად მივყვებით ამ კურსს და რამდენად შესაბამისობაშია ჩვენი ნათქვამი საერთაშორისო მეთოდოლოგიებთან, ამის რევიზიას პერიოდულად ახდენენ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიც გახლავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, გაერო, ევროსტატი და აღნიშნული შეფასებები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია და საჯარო“, – განაცხადა თოდრაძემ.