გოგიტა თოდრაძე - ივნისში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში კლების ტენდენცია გამოვლინდა, სამთომოპოვებითი მრეწველობის, წყალმომარაგების, ნარჩენების მართვის დარგების გარდა
2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 7.7 პროცენტიანი ვარდნა, შესაბამისად, ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.8 პროცენტია, – ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორების გარდა, სადაც დადებითი ტენდენციები შეინიშნებოდა.
რაც შეეხება კლების ტენდენციას, თოდრაძის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის შემცირება მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, სასტუმროების და რესტორნების, ტრანსპორტის, ხელოვნების, გართობის და დასვენების საქმიანობებში.
„საქართველოს ექსპორტი 2020 წლის ივნისში შემცირდა დაახლოებით 14 პროცენტით, 22 პროცენტით არის შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი. მოგეხსენებათ, მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 30 პროცენტით იყო შემცირებული ექსპორტის მაჩვენებელი, 35 პროცენტით – იმპორტის მოცულობა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში პირველად გაიზარდა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელი და 2020 წლის ივნისში საქართველოში დარეგისტრირდა 4309 ახალი საწარმო, რაც 11 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 6.5 მლრდ ლარია და აღნიშნული მაჩვენებელი 6 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს“, – აღნიშნა საქსტატის ხელმძღვანელმა.
დარგების მიხედვით, მშენებლობის სექტორში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სამოქალაქო და სპეციალიზებული სამუშაოების განხორციელების მიმართულებით.
„ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია წყალმომარაგების, წყალგაყვანილობის, ჰაერის კონდინცირებისა და გათბობის სისტემების მონტაჟი. ამასთან, გუშინ გავასაჯაროეთ ინფორმაცია ექვსი თვის შედეგების მიხედვით მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ, რომლის მიხედვით, 17 პროცენტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მშენებლობებზე გაცემული ნებართვების რაოდენობა, უფრო მეტად, 27 პროცენტით არის შემცირებული გაცემული ნებართვების ფართობი. ყველაზე მეტი შემცირება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე მოდის, დაახლოებით 50 პროცენტით შემცირდა გაცემული ნებართვების რაოდენობა“, – განაცხადა თოდრაძემ.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა 35 პროცენტით შემცირდა. გარდა ამისა, 22 პროცენტით დაიკლო სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელმა, თუმცა ივნისში 45 პროცენტით გაიზარდა ცემენტის იმპორტის მაჩვენებელი.
საქსტატის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში კლება დაკავშირებული იყო სამშენებლო მასალების წარმოების მოცულობის შემცირებასთან, ასევე მეტალურგიულ მრეწველობასთან. ივნისში დაახლოებით 80 პროცენტით შემცირდა ფერო-სილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი.
„ასევე აღსანიშნავია, წარმოების მოცულობის შემცირება მინერალური წყლების წარმოების მიმართულებით, შესაბამისად 36 პროცენტით შემცირდა მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელი“, – განაცხადა თოდრაძემ.
ამასთან, მისი თქმით, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში შემოსავლების შემცირება მეტწილად უკავშირდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებას. ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 95 პროცენტით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები.
„დაახლოებით 38 000 ვიზიტი იყო მიმდინარე წლის ივნისში, მაშინ, როდესაც გასული წლის შესაბამის პერიოდში ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 727 000-ს აღემატებოდა. რასაკვირველია, ვიზიტების 95 საზღვრის კვეთას უკავშირდება, რომლის უმრავლესობა მოდის მეზობელ ქვეყნებზე. ტრანსპორტი სექტორში კლება კი, ძირითადად გამოწვეული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, შესაბამისად, შემცირდა მასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობაც“, – აცხადებს საქსტატის ხელმძღვანელი.
მისივე ინფორმაციით, კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებშიც, რაც აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებას უკავშირდება. დაახლოებით 85-90 პროცენტით არის შემცირებული მსგავსი ტიპის კომპანიების ბრუნვის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, დადებითი ტენდენციები შეინიშნებოდა სამთო მოპოვებითი მრეწველობის სექტორში, რაც დაკავშირებული იყო ფერადი ლითონის მადნების მოპოვებასთან.