გოგიტა თოდრაძე - ეკონომიკურ ზრდაში დიდი წვლილი აქვთ მშენებლობის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროების, რესტორნებისა და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებს
გოგიტა თოდრაძე - ეკონომიკურ ზრდაში დიდი წვლილი აქვთ მშენებლობის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროების, რესტორნებისა და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებს

სექტემბრის ეკონომიკურ ზრდაში შედარებით მაღალი წვლილი რამდენიმე დარგმა შეიტანა – მშენებლობა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, სასტუმროები, რესტორნები და დამამუშავებელი მრეწველობა, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.2 პროცენტით გაიზარდა, ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელი 5 პროცენტია.

„სწორედ მშენებლობის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროების, რესტორნებისა და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში შეინიშნებოდა საწარმოთა ბრუნვის მოცულობის მაღალი მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. საერთო მაჩვენებლის ზრდის ფონზე, მიუხედავად ამისა, კლების ტენდენცია შეინიშნებოდა სამთო მოპოვებითი მრეწველობის, ასევე კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების სექტორებში“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

როგორც მან აღნიშნა, 2019 წლის ცხრა თვეში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 11.1 პროცენტით და დაახლოებით 2.7 მლრდ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, შემცირებულია 3.3 პროცენტით და 6.5 მლრდ დოლარის ფარგლებშია. ამასთან, ახალრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა შემცირდა 1.4 პროცენტით და 4000 ერთეულს უტოლდება.

გოგიტა თოდრაძის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 7.4 მლრდ ლარის ფარგლებში იყო და აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 16 პროცენტით არის გაზრდილი.

„რაც შეეხება ზრდისა და კლების მიზეზებს დარგობრივ ჭრილში, მშენებლობის დარგში ზრდის ტენდენცია განაპირობა სამშენებლო სამუშაოების გააქტიურებამ, როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი მშენებლობის მიმართულებით, ასევე გზების, ხიდების და ესტაკადების მიმართულებით. მიმდინარე წლის ცხრა თვეში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების საერთო ფართობი დაახლოებით 24 პროცენტით გაიზარდა, ასევე 32 პროცენტით არის გაზრდილი ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების საერთო ფართობი. რაც შეეხება ტრანსპორტის სექტორს, ზრდის გამომწვევ მიზეზებს შორისაა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავება და მის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის გააქტიურება. ვაჭრობის დარგში კი, ზრდა დაკავშირებული იყო 2019 წლის სექტემბერში საცალო ვაჭრობის მიმართულებით და ძირითადად საკვები პროდუქტებით ვაჭრობასთან, ასევე სასმელების და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობასთან“, – განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე განმარტებით, საბითუმო ვაჭრობის მიმართულებაში აღსანიშნავია საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით, მანქანებითა და მოწყობილობებით.

„გარკვეულ კორელაციაშია მშენებლობის დარგთან ასევე სამშენებლო მასალებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოება. თითქმის გაორმაგებულია, 96 პროცენტით, არის გაზრდილი ცემენტისა და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი.

რაც შეეხება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორს, აღნიშნულ დარგში ბრუნვის მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ არის დაკავშირებული საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობის ზრდასთან. დაახლოებით 2.8 პროცენტით გაიზარდა მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მართალია, შემცირების ტენდენცია ფიქსირდება რუსეთიდან დაახლოებით 21 პროცენტით და დაახლოებით 38 პროცენტით შემცირდა ვიზიტორების რაოდენობა ირანიდან, თუმცა მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ამ მიმართულებით სომხეთიდან, თურქეთიდან – დაახლოებით 8-8 პროცენტით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა, დაახლოებით 5 პროცენტით გაიზარდა აზერბაიჯანიდან ვიზიტორების რაოდენობა. აღსანიშნავია ევროკავშირის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, პოლონეთი“, – აღნიშნა ბრიფინგზე თოდრაძემ.

„საქსტატის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება ყაზახეთიდან, დაახლოებით 71 პროცენტით, 31 პროცენტიანი ზრდა არის ისრაელიდან და 28 პროცენტიანი უკრაინიდან.

როგორც გოგიტა თოდრაძემ განმარტა, დამამუშავებელი მრეწველობის დარგში კი, ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ქიმიური მრეწველობის დარგში შექმნილ შედარებით მაღალი მოცულობის დღგ-თან.

„ამ მიმართულებით აღსანიშნავია ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების გაფართოება და აზოტოვანი სასუქების წარმოების გაფართოება. რაც შეეხება მეტალურგიას, ბოლო თვეების განმავლობაში, გრძელდება შემცირების ტენდენცია ამ მიმართულებით, რაც დასტურდება კიდეც საგარეო ვაჭრობის მონაცემებით. დაახლოებით 13 პროცენტით არის შემცირებული ფერო-სილიკო-მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი. რაც შეეხება დარგებს, სადაც შემცირების ტენდენცია ფიქსირდებოდა, როგორც აღვნიშნე ეს არის სამთო მოპოვებითი მრეწველობა. ამ მიმართულებით შემცირების გამომწვევ მიზეზებს შორის სახელდება ლითონის მადნების მოპოვების კლება“, – განაცხადა თოდრაძემ.

მისივე თქმით, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში შემცირება განაპირობა აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის კლებამ მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.