გოგიტა თოდრაძე - ცესკო განსაზღვრავს ხმის უფლების მქონე მოქალაქეების, საქსტატი კი მუდმივი მოსახლეობის რაოდენობას, ამომრჩეველთა რაოდენობაში იქ რეგისტრირებული მოსახლეობაც შედის
გოგიტა თოდრაძე - ცესკო განსაზღვრავს ხმის უფლების მქონე მოქალაქეების, საქსტატი კი მუდმივი მოსახლეობის რაოდენობას, ამომრჩეველთა რაოდენობაში იქ რეგისტრირებული მოსახლეობაც შედის

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე განმარტავს, რა განსხვავებაა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქსტატის მონაცემებს შორის, რომლებიც ეხება მოქალაქეების რაოდენობას.

თოდრაძის თქმით, ცესკო განსაზღვრავს ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების რაოდენობას, რომელშიც შედიან მოცემულ ტერიტორიაზე როგორც მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ასევე ის პირები, რომლებიც იმყოფებიან იმ კონკრეტული მომენტის დროს საზღვარგარეთ თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გოგიტა თოდრაძის განცხადებით, საქსტატის მეთოდოლოგია, რომელიც საერთაშორისოდ აპრობირებული და აღიარებულია, განსაზღვრავს მუდმივი მოსახლეობის რიცხოვნობას. გოგიტა თოდრაძე განმარტავს, რომ, აღნიშნული მეთოდოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე, კონკრეტულ ქალაქში ან რომელიმე მუნიციპალიტეტში, შესაძლოა, იყოს განსხვავება ამომრჩეველთა რაოდენობასა და მუდმივ მოსახლეს შორის.

„ეს გახლავთ ის მოსახლეობა, რომელიც მოცემულ ტერიტორიაზე ცხოვრობს 12 თვის და მეტი ხნის პერიოდში. თან, აქ შედიან არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. შესაბამისად, მუდმივი მოსახლეობის რიცხოვნობას არ მიეკუთვნებიან პირები, რომლებიც იმყოფებიან 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში, მაგალითად, ემიგრაციაში და პირები, რომლებიც ცხოვრობენ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს განსხვავებაა ამ ორი უწყების მონაცემებს შორის. Ეს არ არის ხარვეზი. ეს გამომდინარეობს იქედან, რომ ორივე უწყებას აქვს განსხვავებული მეთოდოლოგია და განსხვავებული მიზანი. ერთი მხრივ, ცესკო-ს მონაცემების მიზანი გახლავთ ქვეყანაში ხმის უფლების მქონე მოსახლეობის რაოდენობის განსაზღვრა, ხოლო საქსტატის მეთოდოლოგიის მიზანი გახლავთ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობის განსაზღვრა. ამ მეთოდოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე, კონკრეტულ ქალაქში ან რომელიმე კონკრეტულ მუნიციპალიტეტში რასაკვირველია, შესაძლოა, იყოს  განსხვავება ამომრჩეველთა რაოდენობასა და მუდმივ მოსახლეს შორის.

ამომრჩეველთა რაოდენობაში შედის არა მხოლოდ მუდმივი მოსახლეობა, არამედ იქ რეგისტრირებული მოსახლეობაც. ეს რაოდენობა თამაშობს მნიშვნელოვან როლს. რაც შეეხება მუდმივ მოსახლეობას, რომლითაც საქსტატი მოსახლეობის რიცხოვნობას განსაზღვრავს, იქ შედიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მუდმივად ერთი წლის და მეტი პერიოდის მანძილზე იმ დასახლებულ პუნქტში და აქ არ შედიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. შეიძლება იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და, რასაკვირველია, აქ არ შედიან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები, საზღვარგარეთ მცხოვრები პირები“, – განუცხადა გოგიტა თოდრაძემ საქართველოს პირველ არხს.

გოგიტა თოდრაძე აღნიშნავს, რომ ცესკო-სა და საქსტატს განსხვავებული მეთოდოლოგია აქვთ და ისინი ერთმანეთის მონაცემებს არ ეყრდნობიან.

„ჩვენ ვიყენებთ მოსახლეობის აღწერას, რომელიც ტარდება 10 წელიწადში ერთხელ, თუმცა აღწერათა შორის პერიოდში ჩვენ ვიყენებთ მიმდინარე დემოგრაფიული აღრიცხვის მონაცემებს, რაც ეფუძნება შობადობის და გარდაცვალების მაჩვენებლებს და მიგრაციულ სალდოს, იმიგრანტების და ემიგრანტების რაოდენობას შორის სხვაობას. ჩვენი მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობა გახლავთ დაახლოებით 3 695 000, თუმცა აქედან 18 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა გახლავთ დაახლოებით 2 852 000“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.