გოგიტა თოდრაძე - 2023 წლის შვიდი თვის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი გაზრდილია 16 პროცენტით, ხოლო იმპორტის მოცულობა 19 პროცენტით
გოგიტა თოდრაძე - 2023 წლის შვიდი თვის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი გაზრდილია 16 პროცენტით, ხოლო იმპორტის მოცულობა 19 პროცენტით

2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 5.5 პროცენტით, ხოლო პირველი შვიდი თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 7.2 პროცენტი, – ამის შესახებ საქსტატის ხელმძღვანელმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სხვადასხვა დარგმა.

„ეს გახლავთ საფინანსო და სადაზღვევო სექტორი, მშენებლობა, ვაჭრობა, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. კლების ტენდენცია გამოვლინდა ძირითადად ორ სექტორში. ეს გახლავთ დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორები. 2023 წლის შვიდი თვის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი გაზრდილია 16 პროცენტით, ხოლო იმპორტის მოცულობა – 19 პროცენტით. 2023 წლის ივლისში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 5 750 ახალი საწარმო, რაც 1.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. სამი პროცენტით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და თითქმის 12 მილიარდ ლარს გაუტოლდა. რაც შეეხება მიზეზებს, დარგობრივ ჭრილში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების როგორც საპროცენტო, ისე არასაპროცენტო შემოსავლების ზრდასთან“, – განაცხადა თოდრაძემ.

მისივე თქმით, მშენებლობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო შენობა-ნაგებობების სამშენებლო პროექტების შემუშავებასთან, ასევე გამანაწილებელი საინჟინრო ობიექტების მშენებლობასთან.

„აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 26 პროცენტით არის გაზრდილი ცემენტისა და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი. რაც შეეხება ვაჭრობის სექტორს, აქ ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ავტომობილებით, მათი ნაწილებით და აქსესუარებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მოცულობა, განსაკუთრებით, შეიძლება ითქვას, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მიმართულებაზე. გარდა ამისა, გაზრდილია საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით, ასევე კომპიუტერებით და პერიფერიული მოწყობილობებით ვაჭრობის მოცულობის ზრდა. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ბიზნესის მართვაში საკონსულტაციო საქმიანობებთან; ასევე, არქიტექტურულ საქმიანობებთან და სარეკლამო სააგენტოების საქმიანობის მოცულობის გაფართოებასთან. რაც შეეხება კლების ტენდენციებს, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან და ასევე, მინერალური სასუქების წარმოების მოცულობის შემცირებასთან“, – განაცხადა თოდრაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 95 პროცენტით არის შემცირებული ფერო-სილიკო მანგანუმის ექსპორტი.

„დამამუშავებელ მრეწველობაზე, მიუხედავად სექტორის კლებისა, გაზრდილია სასმელების წარმოების მოცულობა და მისი ექსპორტი. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში კი კლების ტენდენცია განაპირობა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებამ“, – განაცხადა თოდრაძემ.