გოგიტა თოდრაძე - 2023 წელს ინფლაციის მაჩვენებლის კლების ტენდენცია იყო, ფასების შემცირება ძირითადად სასურსათო საქონელზე შეინიშნებოდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ინფლაციის მაჩვენებლის კლების ტენდენცია იყო და დეკემბერში მისმა მაჩვენებელმა 0.4% შეადგინა.
როგორც საქსტატის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, წლის განმავლობაში ფასების შემცირება ძირითადად სასურსათო საქონელზე შეინიშნებოდა.
„შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო მზესუმზირის ზეთი, ცხიმი, კარტოფილი, ასევე პური, პურპროდუქტები. ჯანდაცვის ჯგუფში იყო გარკვეული კატეგორიის მედიკამენტები და სამედიცინო აპარატურა, რომელმაც ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი განაპირობა. ამავე დროს, პარალელურად, ფასები იზრდებოდა ნავთობპროდუქტებზე, კერძოდ, ბენზინზე. ზოგადად, ხილის და ყურძნის კატეგორიაზე დაახლოებით 17%-იანი ზრდა გვქონდა. ასევე, საფინანსო მომსახურებაზე 26%-იანი ზრდის მაჩვენებელი შეინიშნებოდა“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
შემაჯამებელ ბრიფინგზე გოგიტა თოდრაძემ ასევე ისაუბრა, რა მდგომარეობაა რეგიონში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის თვალსაზრისით.
„სომხეთში ინფლაციის მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა და ნოემბერში დეფლაციაც დაფიქსირდა -0.5%. აზერბაიჯანში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 9.6% იყო, ნოემბრის მონაცემებით არის 2.6%-იანი ინფლაცია. რუსეთში მაქსიმალური მაჩვენებელი იანვარში გამოვლინდა და დაახლოებით 12% იყო, ხოლო საშუალო მაჩვენებელია 5.8%. უკრაინაში 2023 წელი მაღალი ინფლაციით დაიწყო, დაახლოებით 26%-საც კი გადააჭარბა, თუმცა დღეის მდგომარეობით ხუთპროცენტიან ნიშნულზეა. თურქეთში წლის პირველ ნახევარში შეინიშნებოდა ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება, თუმცა ივლისიდან დაწყებული ინფლაცია ისევ იზრდება და მაქსიმალური მაჩვენებელი დეკემბერში გამოვლინდა – დაახლოებით 64-65%“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
გარდა ამისა, გოგიტა თოდრაძის განმარტებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ცხრა თვის ჭრილში 22%-ით შემცირდა სავალო ვალდებულებებისა და რეინვესტირების კლების ხარჯზე.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია ცხრა თვის ჭრილში 22%-ით. კვარტალი კვარტალთან დაახლოებით 60%-ზე მეტად არის შემცირებული. კლება ძირითადად განპირობებულია სავალო ვალდებულებებისა და რეინვესტიციის მოცულობის შემცირებით. მოგეხსენებათ, რეინვესტიციის მაჩვენებელი თუ შემცირდა, ანუ დივიდენტი გაიცა – ეს ინვესტიციის მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება ან ინვესტორის მიმართ ვალდებულება თუ შევამცირეთ, ანუ სესხი დავფარეთ, ესეც უარყოფით ასახვას პოვებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მაჩვენებელში“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.