გოგიტა თოდრაძე - 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 6 400 ახალი საწარმო, რაც 41 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს
2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 6 400 ახალი საწარმო, რაც 41 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 18.1 პროცენტით გაიზარდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 13.9 მილიარდი ლარი შეადგინა, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
როგორც გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, დარგობრივ ჭრილში, მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, ასევე სამოქალაქო მშენებლობასთან, როგორებიცაა გზების, ავტობანების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა.
„აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის დეკემბერში, წინა წლის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 27%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელი, ხოლო 34%-იანი ზრდა გვაქვს ცემენტისა და კლინკერის იმპორტის თვალსაზრისით. წლის მონაცემების მიხედვით, დაახლოებით შვიდი პროცენტით არის გაზრდილი მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა, ხოლო 13%-ით გაიზარდა დასრულებული ობიექტების რაოდენობა.
რაც შეეხება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორს, ამ შემთხვევაში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, ასევე მინერალური სასუქებისა და ფარმაცევტული პროდუქციის მოცულობის ზრდასთან. გაზრდილია მინერალური სასუქების ექსპორტი პერუსა და ინდოეთის მიმართულებით“, – განაცხადა თოდრაძემ.
მისივე თქმით, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო სატვირთო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, ასევე, საგარეო ვაჭრობაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, გაიზარდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებისა და დასაწყობების მაჩვენებელი.
„რაც შეეხება საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობის სექტორს, აქ ზრდა ძირითადად დაკავშირებულია კომერციული ბანკების როგორც საპროცენტო, ისე არასაპროცენტო შემოსავლების ზრდასთან. ვაჭრობის სექტორში კი ზრდა დაკავშირებული იყო ძირითადად მსუბუქი ავტომობილების ვაჭრობის მოცულობის ზრდასთან. როგორც მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო პერიოდში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. მხოლოდ დეკემბერში 36%-იანი ზრდა გვაქვს ამ თვალსაზრისით. მატება ძირითადად მოდის სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მიმართულებაზე.
გაზრდილია ასევე ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში საკვები პროდუქტებით, სასმელებით, თამბაქოს ნაწარმით და ბუნებრივი აირით.
ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშიც, რაზეც ძირითადად გავლენა მოახდინა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის ზრდამ. დაახლოებით ხუთასი ათასი ვიზიტი განხორციელდა დეკემბერში და აღნიშნული მაჩვენებელი 3.1-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს.
როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ორ სექტორში გამოვლინდა შემცირების ტენდენცია. ერთ-ერთი გახლდათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის სექტორი. კლების მიზეზად ამ შემთხვევაში სახელდება არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ყიდვა-გაყიდვასთან და შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობების კლება. რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, აქ ძირითადი მიზეზი გახლდათ ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის შემცირება. აღნიშნული მაჩვენებელი 39%-ით შემცირდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბოელექტროსადგურების წარმოების მოცულობა გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით“, – განაცხადა თოდრაძემ.