გოგიტა თოდრაძე - 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 9.9 პროცენტით გაიზარდა
2021 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 9.9 პროცენტით. 2021 წლის შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 12.2 პროცენტი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის ივლისთან შედარებით სახეზე გვაქვს ეკონომიკის 3.9 პროცენტიანი ზრდა, – ამის შესახებ საქსტატის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2021 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მშენებლობის და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორების გარდა, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა პრაქტიკულად ყველა სექტორში. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის ზრდა.
„დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, სასტუმროების, რესტორნების და ვაჭრობის სექტორებში. 2021 წლის შვიდ თვეში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 28 პროცენტით, ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 31 პროცენტით, ხოლო იმპორტის მოცულობა გაიზარდა 19 პროცენტით, ხოლო უშუალოდ 2021 წლის ივლისში, ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 42 პროცენტით, ხოლო იმპორტი 17 პროცენტით. მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4270-მდე ახალი საწარმო, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს.
26.5 პროცენტით არის გაზრდილი ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 9 მილიარდ 290 მილიონ ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან. 2-ჯერ და მეტადაა გაზრდილი ფერო-სილიკო მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი. ზრდის მიზეზად გვევლინება ასევე ღვინის, მინერალური წყლების და სხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოების მოცულობის გაფართოებაც.
გაზრდილია ფარმაცევტული პროდუქციის და ტანსაცმლის წარმოების მოცულობაც, ამასთან 36 პროცენტით გაიზარდა ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი, ხოლო 22 პროცენტით გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტი.საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზად სახელდება კომერციული ბანკების მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გაცემული გრძელვადიანი სესხებიდან გამომდინარე შემოსავლების მიღება, დაახლოებით 39 პროცენტითაა გაზრდილი საფინანსო-სადაზღვევო საქმიანობით დაკავებული კომპანიების წმინდა შემოსავლები.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდის ტენდენცია ძირითადად დაკავშირებული იყო როგორც საჰაერო, ისე საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან. გაზრდილია ასევე სატვირთო ტრანსპორტის ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელიც. ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშიც. რა თქმა უნდა, აქ გასათვალისწინებელია საბაზისო ეფექტიც, თუმცა აღსანიშნავია, რომ შემოსავლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაც. თუ გასული წლის ივლისში აღნიშნული მაჩვენებელი 46 000 არ აღემატებოდა, 2021 წლის ივლისში 230 000 გადააჭარბა.
ვაჭრობის სექტორში ზრდის ტენდენცია ძირითადად დაკავშირებული იყო მსუბუქი ავტომობილებით, საკვები პროდუქტებით, ფარმაცევტული საქონლით, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებით ვაჭრობის ზრდასთან. როგორც უკვე აღვნიშნე, კლების ტენდენცია შეინიშნებოდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში. სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში კლების გამომწვევ მიზეზად სახელდება ძირითადად ფერადი ლითონის მადნების მოპოვების შემცირება, ხოლო რაც შეეხება მშენებლობის სექტორს, შემცირება შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სამოქალაქო სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიმართულებით. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თითქმის 20 პროცენტით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელი და 8 პროცენტით არის შემცირებული ცემენტისა და კლინკერის იმპორტი“, – განაცხადა თოდრაძემ.