გოგიტა თოდრაძე - 2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 7.7 პროცენტიანი ვარდნა
გოგიტა თოდრაძე - 2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 7.7 პროცენტიანი ვარდნა

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 7.7 პროცენტიანი ვარდნა. ბოლო 11 თვის საშუალო მაჩვენებელი აქედან გამომდინარე -5.9 პროცენტია, – ამის შესახებ საქსტატის დირექტორმა,, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის ვარდნის მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროებში.

„დანარჩენ სექტორებში გამოვლინდა კლების ტენდენცია, განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის შემცირება. მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, სასტუმროებისა და რესტორნების, ხელოვნების, გართობის, დასვენების და ვაჭრობის სექტორებში. 2020 წლის ნოემბერში, საქონლის ექსპორტი შემცირებულია 13.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 12.1 პროცენტით. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობის 11 თვის ჯამურ მაჩვენებელს, ექსპორტის მოცულობა შემცირდა 11.3 პროცენტით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 16 პროცენტით არის შემცირებული. 2020 წლის ნოემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 3450 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი 11.4 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს. 4.2 პროცენტით შემცირდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 7.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება მიზეზებს სექტორულ ჭრილში, დავიწყებ დარგებით, სადაც კლების ტენდენცია გამოვლინდა. მშენებლობის სექტორში კვლავაც კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშოების შესრულების მიმართულებით, როგორიცაა მაგალითად ელექტრო, ტექნიკური და სამონტაჟო სამუშოები, წყალგაყვანილობის, გათბობის და ჰაერის კონდინცირების მონტაჟი. შემცირდა ასევე შემუშვებული სამშენებლო პროექტების მოცულობაც. აღსანიშნავია, რომ 15 პროცენტით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი, ხოლო 11 პროცენტით შემცირდა ცემენტის იმპორტის მაჩვენებელი.

ტრანსპორტის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის გუნქციონირებასთან, თუმცა აღნიშნულ დარგში კლების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ასევე ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებასთან და დასაწყობებასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის შემცირება.

სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში კლება, როგორც მოგეხსენებათ ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებასთან. დაახლოებით 92 პროცენტით არის შემცირებული საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, რამაც რასაკვირველია გავლენა მოახდინა ტურისტული სააგენტოების და ტუროპერატორების შემოსავლებზე.

ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორში კლების გამომწვევ მიზეზად გვევლინება როგორც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების, ისე დასვენების, გართობის, სპორტის და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებული დაწესებულებების შემოსავლების შემცირება.

ვაჭრობის დარგში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის შემცირებასთან. დაახლოებით 62 პროცენტით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი.

ასევე, გარკვეულწილად შემცირებულია საცალო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით და ალკოჰოლური სასმელებით, ასევე საბითუმო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით.

რაც შეეხება ზრდას ცალკეულ დარგებში, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა გამოვლინდა და ამის ძირითად მიზეზად გვევლინება მეტალურგიულ მრეწველობაში განვითარებული მოვლენები. კერძოდ, გაიზარდა თუჯით, ფოლადის და ფეროშენადნობების, ასევე ელექტრული გამტარების და კაბელების წარმოების მოცულობის მაჩვენებლები. აქვე აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ნოემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით დაახლოებით 3.5-ჯერ არის გაზრდილი ფერო სილიკო მანგანუმის ექსპორტის მოცულობა.

საფინანსო საქმიანობის სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზად გვევლინება კომეცრიული ბანკების პროცენტული სემოსავლების ზრდა, რაც გარკვეულწილად დაკავშირებული იყო ფიზიკურ პირებზე გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობის ზრდასთან.

ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა განაპირობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის მატებამ.

ხოლო რაც შეეხება, წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის სექტორს, ზრდის ტენდენციები ძირითადად დაკავშირებული იყო ნარჩენების შეგროვების, დამუშავების და უტილიზაციის საქმიანობებთან“, – განაცხადა თოდრაძემ.

დატოვე კომენტარი