2020 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა შემცირებულია 7.9 პროცენტით, აქედან გამომდინარე, ეკონომიკის ვარდნის 2020 წლის საშუალო მაჩვენებელი არის 6.1 პროცენტი, – ამის შესახებ „საქსტატის“ დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საერთო მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა საფინანსო საქმიანობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და ნარჩენების მართვის სექტორებში.
„დანარჩენ სექტორებში გამოვლინდა კლების ტენდენცია, განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას სასტუმროებისა და რესტორნების, მშენებლობის, ხელოვნების, გართობის, დასვენების, დამამუშავებელი მრეწველობის და ტრანსპორტის სექტორებზე“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, 2020 წლის დეკემბერში საქონლის ექსპორტი შემცირებულია 18 პროცენტით და იმავე მოცულობით შემცირდა იმპორტის მაჩვენებელიც. რაც შეეხება 2020 წლის ჯამურ მაჩვენებელს, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ექსპორტის მოცულობა შემცირდა 12 პროცენტით, ხოლო იმპორტის 15.9 პროცენტით.
„ექსპორტის წლიური მაჩვენებლის შემცირებაზე ძირითადად გავლენა მოახდინა მსუბუქი ავტომობილების, ფეროშენადნობების და სამკურნალო საშუალებების ექსპორტის მოცულობის შემცირებამ. რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, კლება ძირითადად განაპირობა მსუბუქი ავტომობილების, ნავთობპროდუქტებისა და სპილენძის მადნების იმპორტის სასაქონლო ჯგუფებმა.
2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 3 760 ახალი საწარმო, რაც 6.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებზე. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 8.6 მლრდ ლარია, რაც 5.1 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
რაც შეეხება მიზეზებს სექტორულ ჭრილში, დავიწყებ დარგებით, სადაც გამოვლინდა შემცირების ტენდენციები. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში როგორც მოგეხსენებათ კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებასთან და აღნიშნულ სექტორში მოქმედი დაწესებულებების გარკვეულწილად შეზღუდული სახით ფუნქციონირებასთან. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, შეიზღუდა გარკვეული კატეგორიის საწარმოების საქმიანობა, მათ შორის სასტუმროებისა და რესტორნების, ისინი ძირითადად მზა საკვების მიწოდებაზე, გატანის სერვისზე იყვნენ ორიენტირებულნი, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია აღნიშნულ სექტორში, კომპანიების შემოსავლების მაჩვენებელზე.
მშენებლობის სექტორში კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ძირითადად სამოქალაქო და სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიმართულებით, როგორიცაა ელექტროტექნიკური და სარემონტო სამუშაოები, ასევე წყალგაყვანილობის, გათბობის და ჰაერის კონდინცირების სისტემის მონტაჟი. შემცირების ტენდენცია გამოვლინდა ასევე სამშენებლო პროექტების შემუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში, ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაახლოებით 20-30 პროცენტით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელი. ასევე დაახლოებით 11 პროცენტით შემცირდა 2020 წელს წინა წელთან შედარებით მშენებლობებზე გაცემული ნებართვების რაოდენობა, ხოლო 32 პროცენტით არის შემცირებული ნებართვების საერთო ფართობი. რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობას, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირდა 15 პროცენტით.
ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორში კლების გამომწვევ ძირითად მიზეზად გვევლინება აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირება, თუმცა შემცირებულია ასევე დასვენების, გართობის, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებული კომპანიების შემოსავლების ზრდაც, რაც აღნიშნულ სექტორში შემცირების ერთ-ერთ მიზეზად გვევლინება.
დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში შემცირება ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან. შემცირებულია თუჯის, ფოლადისა და ფეროშენადნობების წარმოების მაჩვენებელი. კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ასევე გარკვეული კატეგორიის კვების პროდუქტების წარმოების მიმართულებით. აქვე აღსანიშნავია, რომ თითქმის 60 პროცენტით შემცირდა ფერო-სილიკო-მანგანუმის ექსპორტი.
ტრანსპორტის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან და კლების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ასევე ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის შემცირება. რაც შეეხება ზრდის მიზეზებს, საფინანსო საქმიანობის სექტორში შეინიშნებოდა ზრდის ტენდენციები, რაც დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების პროცენტული შემოსავლების ზრდასთან და ზოგადად ფიზიკურ პირებზე გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობის მატებასთან. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა განაპირობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის მატებამ. ზრდა შეინიშნებოდა ასევე საინფორმაციო სააგენტოების საქმიანობის მიმართულებით.
წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ნარჩენების შეგროვების, დამუშავებისა და უტილიზაციის საქმიანობებთან.
და რაც შეეხება სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორს, ზრდის გამომწვევ მიზეზად გვევლინება ფერადი ლითონების, მადნებისა და ქვანახშირის მოპოვებასთან დაკავშირებული საქმიანობების გაფართოება“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.