გოგიტა თოდრაძე - 2013-2023 წლებში მიგრაციული სალდო თუ დაახლოებით -36 000 კაცი იყო, 2003-2013 წლებში ეს მაჩვენებელი -247 000 კაცს შეადგენდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2023 წელს ქვეყნიდან გასულთა რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო ქვეყანაში შემოვიდა 205 857 კაცი, ანუ წინა წელთან შედარებით 14.5 პროცენტით მეტი.
მისივე თქმით, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 1.6-ჯერ მეტი საქართველოს მოქალაქე; დაახლოებით 6-ჯერ მეტი – რუსეთის, 3.8-ჯერ მეტი უკრაინის მოქალაქე, 5.3-ჯერ მეტი – ბელარუსის და 3.4-ჯერ მეტი თურქეთის მოქალაქე.
„აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში შემოვიდა 1.7-ჯერ მეტი საქართველოს მოქალაქე. რაც შეეხება იმიგრანტებს, ანუ ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობას, 2023 წელს მათი საერთო რიცხოვნობის 45 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ. დაახლოებით 25.6 პროცენტს – რუსეთის მოქალაქეები, 4.2 პროცენტს – თურქეთის მოქალაქეები, ხოლო დარჩენილი, 25-26 პროცენტი სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე მოდის.
ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ მიგრაციული მონაცემების ანალიზისას ყურადღება უნდა მიექცეს არა კონკრეტულად შემომსვლელთა და გამსვლელთა რაოდენობას, არამედ მიგრაციულ სალდოს. აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წელს გახლავთ დაახლოებით -39 000.
2022 წელთან შედარებით, 2023 წელს მოსახლეობის რიცხოვნობა 1.1 პროცენტითაა შემცირებული. თუ განვიხილავთ წინა პერიოდის მონაცემებს, მაგალითად, 2012-2023 წლებში მოსახლეობის რიცხოვნობა ერთ პროცენტზე ნაკლებად, 0.6-0.7 პროცენტით შემცირდა და ეს არის დაახლოებით, 23-24 ათასი ადამიანი, ხოლო წინა პერიოდში, 2003-2012 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია დაახლოებით 220 ათასი კაცით, მოსახლეობის რიცხოვნობაზე მაქვს საუბარი“, – აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მისივე თქმით, მოსახლეობის რიცხოვნობის ცვალებადობას განაპირობებს წლიდან წლამდე ბუნებრივი და მექანიკური მატება.
„ბუნებრივი მატება გახლავთ დაბადებულებსა და გარდაცვლილებს შორის სხვაობა და აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წელს შემცირდა და დაახლოებით -2500-ია. ანუ ამან განაპირობა გარკვეულწილად მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება.
მექანიკურ მატებას რაც შეეხება, ეს გახლავთ შემომსვლელთა და გამსვლელთა შორის სხვაობა და აღნიშნული მაჩვენებელი გახლავთ -39 000. ესეც გახლავთ მოსახლეობის რიცხოვნობის ერთ-ერთი შემამცირებელი ფაქტორი.
როდესაც ვსაუბრობთ მიგრაციულ სტატისტიკაზე, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება სალდოზე, ანუ სხვაობაზე შემომსვლელთა და გამსვლელთა შორის, თუ გვინდა, სრულფასოვანი და სრულყოფილი ანალიზი მივიღოთ.
2013-2023 წლების მონაცემებით, ამ პერიოდში, ჯამურად, მიგრაციული სალდო დაახლოებით -36000 – -37 000 იყო. ეს გახლავთ მთელი მოსახლეობის დაახლოებით ერთი პროცენტი. ხოლო წინა პერიოდში, 2003-2012 წლებში, ამ პერიოდში მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი, ჯამურად, გახლავთ დაახლოებით -247 000, ანუ 7-ჯერ მეტი. ანუ ეს არის დაახლოებით შვიდი პროცენტი მთელი მოსახლეობის, როცა 2013-2023 წლებში ეს მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი, რომელიც -36 000 იყო, გახლავთ მოსახლეობის დაახლოებით ერთი პროცენტი“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.