გოგიტა ცუცქირიძე - ქართულ ლარს არაფერი ემუქრება, პატარა ქვეყნების ბაზრებს ყოველთვის ახასიათებს რყევები
რაც დღეს ხდება, ლარის კურსზე გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედების შედეგია. აქ ძირითადად იგულისხმება თურქეთში და რუსეთში მიმდინარე პროცესები – ლირისა და რუბლის გაუფასურება. ეს პირდაპირ ბმაშია ქართულ ეკონომიკასთან, – აცხადებს კომერციული ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე.
ცუცქირიძე სამომხმარებლო ფასებზე ინფლაციას გამორიცხავს.
„აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებელზე 3 % დაბალია – დღეს არის 2.7 პროცენტი. შესაბამისად, ინფლაციის ზემოქმედება სამომხმარებლო ფასებზე გამორიცხულია. ამ სიტუაციაში ეს არის ძალიან კარგი ფაქტორი. უნდა ავღნიშნო, რომ ეს არის ეროვნული ბანკის მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგი. ეროვნულმა ბანკმა უნდა გააგრძელოს პროცესებზე დაკვირვება. მას ხელთ აქვს ყველა ბერკეტი, ყველა საგარეო რისკის ზემოქმედება შეამციროს, მოახდინოს მისი მინიმიზაცია და ეროვნული ვალუტა ნეგატიური ზემოქმედებისგან დაიცვას. რაკი ეროვნული ბანკი არ ახდენს რაიმე ქმედებებს, ეს ნიშნავს, რომ სწორად იქცევა”, – აცხადება გოგიტა ცუცქირიძე.
მისი თქმით, ყველა ფუნდამენტური ფაქტორი, იქნება ეს ექსპორტ-იმპორტის დინამიკა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, თუ ფულადი გზავნილები, პოზიტიურ დინამიკაშია.
„პატარა ქვეყნების ბაზრებს ყოველთვის ახასიათებს ასეთი რყევები. ქართულ ლარს დღევანდელი მონაცემებით არაფერი ემუქრება”, – აცხადებს ცუცქირიძე.