გოგიტა ცუცქირიძე - ლარის კურსის დაწევა დროებითია და პანიკის საფუძველი არ არის
ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე ვალუტის რყევასთან დაკავშირებით ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორს გამორიცხავს.
„ვალუტის რყევაზე რაიმე ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ბოლო პერიოდში გაზრდილია, როგორც ფულადი გზავნილები, ისე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ექსპორტი“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისი განმარტებით, სავალუტო ბაზარზე რყევას საგარეო ან შიდა ეფექტი აქვს.
„ბოლო დღეებია, თურქული ლირა სერიოზულად უფასურდება. თურქეთი, კი მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. ასევე, ბოლო პერიოდში რუსული რუბლის ვარდნაც ხდება, რაც დაკავშირებულია ამ ქვეყნებში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებთან. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტორები, გარკვეულწილად, მოქმედებენ“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დროებითი ხასიათისაა.
„უნდა გვესმოდეს, რომ არაკონვერტირებად ვალუტებს, როგორიც არის ლარი, მსგავს სიტუაციებში ყოველთვის ახასიათებთ ნაკლებპროგნოზირებადობა და მსგავს რყევებს შესაძლოა, ჩვეულებრივი, აჟიოტაჟური ხასიათი ჰქონდეს. არ მგონია, ეს რამე უარყოფით მოლოდინებთან იყოს მომავალში დაკავშირებული. ასეთი დროებითი ცვლილებები სავალუტო ბაზარზე არაკონვერტირებადი ვალუტების და მათ შორის, ლარისთვის, არის დამახასიათებელი. შესაბამისად, არაფერი საპანიკო აქ არ არის“, – აცხადება გოგიტა ცუცქირიძე.
ოფიციალური კურსით, ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 2.5339 ლარია. ევროს ოფიციალური კურსი 2.9061 ლარია. ამასთან, თბილისის სავალუტო ჯიხურებში, ამ დროისთვის, დოლარის კურსი 2.53-2.55 ლარის ფარგლებში მერყეობს, ევროს კი – 2.89-2.93 ლარის ფარგლებში.