გოგი წულაია - მართვის მოწმობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია კარგია, მაგრამ, რაც ჩვენთან ხდება, დანაშაულია
პარტია „თავისუფალი საქართველო“ მართვის მოწმობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაციის სერვისში არსებულ პრობლემებს აპროტესტებს. პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაიამ ქუთაისში, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან გამართულ ბრიფინგზე ელექტრონულ რეგისტრაციაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ელექტრონული რეგისტრაციის პირობებში მომხმარებლები ჩაბარების ადგილს ვერ არჩევენ და მათ სხვა ქალაქში უწევთ გამოცდის ჩაბარება.
„ელექტრონული რეგისტრაცია კარგია, მაგრამ, რაც ჩვენთანაა, არის დანაშაული. მოქალაქეს რეგისტრაციის ადგილის შერჩევა არ შეუძლია და თუ ცხოვრობს ქუთაისში, მას შეიძლება გამოცდის ჩაბარება ზუგდიდში მოუწიოს, რაც არასწორია. ადამიანებს დამატებით ხარჯებს უწესებენ. ამით თუ შიდა ტურიზმის განვითარებას ცდილობენ, შემცდარან. გიორგი გახარიას ნახევარი საქართველო 20 ივნისის გამო, დანარჩენი ნახევარი ამ სიახლის გამო აგინებს. ეს არის ადამიანების ინტერესების უგულებელყოფა და ხელისუფლება არ უნდა აიძულებდეს ადამიანებს, დამატებითი ხარჯები გაიღონ“, – განაცხადა გოგი წულაიამ.
მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით გაბელაშვილის განმარტებით, არასწორია, თითქოს ელექტრონული რეგისტრაციის დროს კომპიუტერი არჩევს ადგილს. მისი განმარტებით, სერვისი მაისში ამოქმედდა და გათვლილია მომხმარებელთა გაზრდილ ნაკადზე. მისი თქმით, მოქალაქეს თავად შეუძლია ადგილის შერჩევა – იმ შემთხვევაში, თუ ლიმიტი შევსებულია, თავად აარჩევს სხვა ადგილს. მისივე განმარტებით, ელექტრონული სერვისი გაცილებით ხელსაყრელია და მოქალაქემ ზუსტად იცის, მისი გამოცდა როდის არის ჩანიშნული.